ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "მისთვის აბსოლუტურად გასაგებია, რომ დეპუტატებისთვის რთულია რბილი დამოკიდებულების გამოვლენა იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც მოღალატეებს უწოდებენ".
კობახიძე ამ განცხადებით პარლამენტში გუშინ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, როდესაც ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა.
კობახიძე ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცს" უწოდებს და აცხადებს, რომ "კოლეგებს მის მიმართ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება", რასაც აბსოლუტურად გასაგებს უწოდებს.
"ეგ არის ზუსტად იმერული ესკიზები. ერთი, რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინციდენტს, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, ზოგადად, რა თქმა უნდა, შეიძლება არ იყოს კარგი ის, რომ არის ხოლმე ასეთი ინციდენტები პარლამენტში, მაგრამ როდესაც შემოდის სხდომათა დარბაზში დეპუტატი, ძალიან მძიმე რეპუტაციის დეპუტატი და სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რბილი დამოკიდებულების გამოვლენა ბევრისთვის შეიძლება იყოს რთული.
მე გითხარით ის, რომ როდესაც ტარიელ ნაკაიძე, მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი სხვა კოლეგებს უწოდებს მოღალატეებს, მის მიმართ რომ ვერ ექნებათ ხავერდოვანი დამოკიდებულება კოლეგებს, ეს არის ჩემთვის გასაგები, მაგრამ რაც შეეხება ინციდენტს, ინციდენტები ზოგადად მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან პარლამენტში, ეს არის ჩემი დამოკიდებულება", - თქვა კობახიძემ.
ფორმულას ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს "მძიმე რეპუტაციის მქონე კაცი", რაზეც კობახიძემ უპასუხა: "არ მინდა და არ განვმარტავ".
ოცნების თავმჯდომარე ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ "ტარიელ ნაკაიძეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში ჯდომა ეკუთვნის".
გუშინ შალვა პაპუაშვილს 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში "ხალხის ძალის" წარმომადგენლებისთვის ადგილების შეცვლის თხოვნით მიმართა.
"დეპუტატს ვერავინ ვერსად ვერ გადასვამს, თუ უნდა ტარიელ ნაკაიძეს გადაჯდეს და დადგეს კუთხეში, ეს არის მისი გადაწყვეტილება. მას ეკუთვნის პარლამენტის სხდომათა დარბაზში კუთხეში დგომა. მძიმე რეპუტაცია ერთი, სხვა კოლეგებს უწოდა მოღალატეები მეორე", - თქვა კობახიძემ.