გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შოვში მომხდარი ტრაგედია, 3 აგვისტოს, ბუბას ხეობაში კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლამ გამოიწვია.
მინისტრის მტკიცებით, აღნიშნულს თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც, შამუგიას თქმით, შეუძლებელი იყო.
"ჩვენ გვაქვს პირველადი შედეგები. სამ აგვისტოს ბუბის წყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა კლდეზვავის მასისა და მყინვარის ნაწილის ჩამოშლას, რასაც თან დაერთო თანმდევი მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, რომლის პროგნოზირებაც როგორც წესი შეუძლებელი იყო. ჩვენ ვდგავართ იმ კატაკლიზმების შედეგების რიცხვის ქვეშ, რომელიც გამოწვევაა დღეს მთელი მსოფლიოსთვის და სამწუხაროდ პრევენცია რიგ შემთხვევაში არის შეუძლებელი. სამწუხაროდ, შოვშიც სტიქიური მოვლენები განვითარდა იმდენად სწრაფად, რომ ამ ტრაგედიის აცილება შეუძლებელი იყო", - აღნიშნა შამუგიამ.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 18 ადამიანთან.