ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ე.წ. მინისტრი, სერგეი შამბა ადასტურებს, რომ რუსეთმა პირველი სექტემბრიდან აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და მათ "გარკვეული ვალდებულებების შესრულება" მოსთხოვა.
როგორც შამბა ამბობს, მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ "აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, გარკვეული სანქციები გამოიწვიოს".
"პირველი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მოსწავლეებს, ძალოვან სტრუქტურებსა და სხვა. ეს, აშკარად, პირველი ასეთი ნაბიჯებია", - ამბობს შამბა.
გარდა ამისა, შამბამ კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი "დეპუტატისა" და ოპოზიციური პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზეც. როგორც ის ამბობს, დღევანდელ მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა "სრულიად მოქმედი სანქციაა" და მაგალითად ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პარლამენტის დეპუტატებისთვის" მოქალაქეობის ჩამორთმევა მოიყვანა.
"რატომ წავიდეთ შორს, როცა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ეს რუსული მხარის პრეროგატივაა, როგორც მას მიაჩნია. ეს ის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმოქმედებთ", - თქვა ე.წ მინისტრმა.
***
30 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო დეპუტატებს, რომლებიც ე.წ. აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
ადგილობრივების მწვავე პროტესტის გამო, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს ე.წ. აპარტამენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა მოუწია. დოკუმენტი აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ათი ათასამდე ბინის მშენებლობას ითვალისწინებდა. ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლები შიშობდნენ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში დიდი მოცულობით უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში გადავიდოდა.