
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სოფლის ნობათის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა, სრულად არის ამოღებული.
სააგენტოს თანახმად, სარეალიზაციო ქსელში არსებული პროდუქცია - რძე, მაწონი, არაჟანი, ხაჭო და ა.შ. რულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
"სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (სოფლის ნობათი) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. პროდუქციის ამოღების პროცესს სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ ზედამხედველობას. კომპანია ვიმ- ბილ-დან საქართველო აქტიურად თანამშრომლობს სააგენტოსთან და დარღვევის გამოვლენისთანავე, მყისიერად დაიწყო პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა. ამჟამად სარეალიზაციო ქსელში არსებული სოფლის ნობათის პროდუქცია (რძე, მაწონი, არაჟანი,ხაჭო და სხვ.) სრულად შეესაბამება უვნებლობის სტანდარტებს.
სურსათის ეროვნული სააგენტო რძის გადამამუშავებელ კომპანიებს გეგმურად წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მაინც ამოწმებს. შარშან სააგენტომ რძის მწარმოებელი ბიზნესსექტორი დაახლოებით, 1500-ჯერ შეამოწმა და 1031 ნიმუში აიღო, მათ შორის ვიმ- ბილ-დან საქართველო 15- ჯერ შემოწმდა (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება ნიმუშების კვლევა სხვადასხვა მაჩვენებლზე, მათ შორის აფლატოქსინზე) და არცერთი დარღვევა არ გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს რძის მწარმოებელი კომპანიების კონტროლს და ლაბორატორიულ კვლევას, რომლის შედეგებიც პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
მანამდე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სოფლის ნობათის ინსპექტირების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაავრცელა და განაცხადა, რომ რძეში აღმოჩენილი აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის გამო პროდუქციის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ სოფლის ნობათის წარმოებული რძის შემოწმების შედეგად, რძის ნიმუშებში აფლატოქსინი გამოვლინდა, რომელიც წარმოიქმნება ობის სოკოებისაგან - საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.