სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პიცერია TASHIR PIZZA GEORGIA-ში გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს, ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.
მათი ცნობით, პიცერიაში ჩატარდა ინსპექტირება, რომლის შედეგად დადგინდა, რომ ქათმის გაყინული ფილეს მიმწოდებელია შპს სიფუდ გრუპ თელავი. სააგენტომ შპს TASHIR PIZZA GEORGIA-ს ყველა ფილიალს დაავალა დარჩენილი სურსათის პარტიის აღრიცხვა და აღნიშნული მიმწოდებლისგან სურსათის მიღების დროებით შეზღუდვა, ხოლო შპს სიფუდ გრუპ თელავს აეკრძალა აღნიშნული სურსათის (გაყინული ქათმის მკერდის ფილე) ბაზარზე განთავსება და დაევალა ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის ამოღება, პარტიებად დასაწყობება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება; ასევე უმოკლეს ვადაში იმ ბიზნესოპერატორების საიდენტიფიკაციო მონაცემების გადაცემა, ვისაც მიაწოდა აღნიშნული სურსათი.
"გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილმა პირებმა შპს სიფუდ გრუპ თელავიდან აიღეს გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ხუთივე ნიმუშში აღმოჩნდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს სიფუდ გრუპ თელავს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის" 66-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.
სალმონელოზი ბაქტერიოლოგიური ეტიოლოგიის ზოონოზური დაავადებაა, რომელიც ადამიანს სურსათისგან, განსაკუთრებით ხორცისა და მისგან დამზადებული პროდუქტისგან გადაეცემა. დაავადების გამომწვევი სალმონელები მიეკუთვნებიან ენტერობაქტერიების ოჯახს და სალმონელების გვარს, რომელიც 2500-ზე მეტ სეროვარს მოიცავს, უმრავლესობა პათოგენურია როგორც ადამიანისთვის, ისე ცხოველებისა და ფრინველებისათვის. სალმონელოზის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია სურსათის წარმოების მთლიან ჯაჭვში (სასაკლაო, ხორცისა და ხორცის პროდუქტების გადამამუშავებელი, სარეალიზაციო და საზკვების ობიექტები) წარმოების და ჰიგიენის სანიმუშო პრაქტიკის დანერგვა.