სებ-ი რეზოლუციაზე: ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლაა

სებ-ი რეზოლუციაზე: ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლაა

ეროვნული ბანკი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს სანქციები დაუწესონ ქართველ ბიზნესმენებსა და მაღალი თანამდებობის პირებს. მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.

ეროვნული ბანკი ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია "ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითია".

ასევე, ეროვნული ბანკი ირწმუნება, რომ აღნიშნული რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

"პირველ რიგში, საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ ევროპარლამენტის აღნიშნული რეზოლუცია (სხვა ასეთი შინაარსის რეზოლუციების მსგავსად) მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მიუხედავად ამისა, დღევანდელ რეზოლუციაში ევროპარლამენტის მოწოდება, რომ სანქციები დაეკისროს საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედ პრეზიდენტს ნათია თურნავას, ქვეყნის დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე პოლიტიკური ზეწოლის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია, რომლის უკან გარკვეული ადგილობრივი პოლიტიკური ძალები დგანან. სამწუხაროა, რომ ეს ძალები, სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების მიღწევის მიზნით ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და საფინანსო სექტორის სტაბილურობას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სამწუხაროდ, გამოიყენეს ევროპარლამენტის პლატფორმა.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საქართველოს ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ სტაბილური, ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი, ეკონომიკური ზრდა კი ძლიერია. სებ-ის მონეტარულმა პოლიტიკამ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა რეგულატორის ზედამხედველობითა და ხელშეწყობით ჯანსაღი და გამჭვირვალეა. ბანკები განუხრელად იცავენ მაღალ სტანდარტებს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლისა და სანქციებთან მიმართებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხით.

შესაბამისად, ყველა მცდელობა, მოხდეს დამოუკიდებელ საფინანსო რეგულატორზე ზეწოლა, ასევე, სებ-ის ან საბანკო სექტორის დისკრედიტაცია მიუღებელია და ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი და მდგრადი ინსტიტუტი, ქვეყნის კონსტიტუციითა და კანონებით დაკისრებული მანდატის ფარგლებში, კვლავაც გააგრძელებს ქვეყანაში ფასებისა და ფინანსურ სტაბილურობაზე მტკიცედ ზრუნვას", - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

***

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა.

კენჭისყრაზე დოკუმენტს 400 მხარდამჭერი ჰყავდა, წინააღმდეგ - 63-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა. თავი შეიკავა 81-მა.

რეზოლუციის პროექტი არ აღიარებს "ქართული ოცნების" მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.

ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ.