![მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მისმა ადვოკატებმა სასამართლოს მიმართეს](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/98d97a64-c996-4873-a543-994f900433cd.png)
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა.
კენჭისყრაზე დოკუმენტს 400 მხარდამჭერი ჰყავდა, წინააღმდეგ - 63-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა. თავი შეიკავა 81-მა.
რეზოლუციის პროექტი არ აღიარებს "ქართული ოცნების" მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.
ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ.
რეზოლუციის მიხედვით, „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით".
ასევე, პროექტში საუბარია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის პოლიტიკურ პატიმრობაზე.
"12 იანვარს ხელისუფლებამ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააკავა ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მას შემდეგ წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს საქართველოს ყველა პოლიტპატიმრის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება".
დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას, რომ დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკანდახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. საუბარია ქართული ოცნების ლიდერებზე, როგორებიც არიან: პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე, და პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი.
ევროპარლამენტის დოკუმენტში, საუბარია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, რომლებიც "იღებენ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენსა და სამართალდამცავი სამსახურების წარმომადგენლებს, აგრეთვე ფინანსურ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩუმად ან ღიად უჭერენ მხარს რეჟიმსა და რეჟიმთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს, მათ შორის TV Imedi-ს, Pos TV-ს და Rustavi 2-ს".
ევროპარლამენტის სარეზოლუციოში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ინარჩუნებს მოსაზრებას, ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკანდახევისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს.
"დამოუკიდებელი მედია, მათ შორის ტელეკომპანია ფორმულა, ტელეკომპანია მთავარი და ტვ პირველი რეჟიმის ჩარევის გამო, სისტემატური შევიწროებისა და დაშინების, ასევე მძიმე ოპერაციული და ფინანსური შეზღუდვების წინაშე დგანან, მედიის ათობით წარმომადგენელი კი სხვადასხვა სახის ინტენსიურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ექვემდებარება. დაფიქსირებულია არაერთი ძალადობრივი თავდასხმა ჟურნალისტებზე, მათ შორის ალექსანდრე ქეშელაშვილზე, მაკა ჩიხლაძეზე, გიორგი შეწირულზე, მათი სასტიკი ცემა და დაკავებული ჟურნალისტის, საბა ქევხიშვილის შევიწროება", - წერია რეზოლუციაში.
ასევე, რეზოლუციაში ვკითხულობთ მოწოდებას იმის შესახებ, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, მოიწვიოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რათა წარმოადგინოს საქართველო ევროპის საბჭოს მომავალ სხდომასა და ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე.