"სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად იყო მუქარა" - "კაბელების საქმის" ყოფილი მოსამართლე

"სასურველი გადაწყვეტილების მისაღებად იყო მუქარა" - "კაბელების საქმის" ყოფილი მოსამართლე

საქალაქო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელიც 2016 წელს ე.წ კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომებს უძღვებოდა, ფორმულასთან საუბრისას ჰყვება, როგორ ცდილობდნენ მაშინ მის მოსყიდვას და როგორ ხორციელდებოდა მასზე და მისი ოჯახის წევრებზე ზეწოლა.

დავით ჯუღელი ამბობს, რომ მას სთხოვდნენ ზუსტად ის გადაწყვეტილება მიეღო, რაც პროკურატურისთვის იყო სასურველი.

ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ თავიდან მის მოსყიდვას ცდილობდნენ სხვადასხვა ბენეფიტების შეთავაზებით, შემდეგ კი პირდაპირ მუქარაზე გავიდენ, მათ შორის მეილებს წერდნენ მის ცოლს, ასევე ჯუღელის თქმით, იყო შემთხვევა, როდესაც უცხო პირმა მისი შვილის სკოლიდან გაყვანა სცადა.

"აქ საუბარი იყო ექსპერტიზის დასკვნაზე, რასაც ეფუძნებოდა ბრალდება. ამ ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლობას ითხოვდა სრულად სამართლიანად, კანონიერად დაცვის მხარე და მისი არდაშვების შემთხვევაში ბრალდების შესახებ დადგენილების ცენტრალური მტკიცებულება აღარ იარსებებდა და ფაქტობრივად, სისხლის სამართლებრივი დევნა შესაწყვეტი იქნებოდა. ერთადერთი თხოვნა და მოთხოვნა, ზოგჯერ თხოვნის, ზოგჯერ მუქარის და მოსყიდვის სახით იყო ის, რომ ზუსტად ის გადაწყვეტილება მიგვეღო, რაც პროკურატურისთვის სასურველი იყო. ეს იყო შემოთავაზება ფულადი სახითაც, ამავდროულად, ვადა მიმთავრდებოდა და დანიშვნაზე პირდაპირ უზენაეს სასამართლოში, უვადოდ განმწესება და სხვა სახის ბენეფიტი, რისი სურვილიც კი გამაჩნდა.

თხოვნის შემდეგ ეს იყო პირდაპირი მუქარაც იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა დაკავება. შემდგომი მუქარების წერილები იწერებოდა ჩემი მეუღლის მეილიც, მანქანაზეც ხვდებოდა საქარე მინაში და ბოლო მცდელობა იყო ბავშვის გაყვანის სკოლიდან უცხო პირის მიერ, რომელიც მანდატურებმა დააკავეს. ალიან მოკლე ვადაში მივედი სკოლაში და აღმოჩნდა, რომ გაშვებული ჰყავდათ"- ამბობს ჯუღელი.

შეკითხვაზე, თუ ვის ჰქონდა მასთან პირდაპირი კომუნიკაცია და ვინ სთხოვდა პროკურატურისთვის სასურველი დავალებების შესრულებას, ჯუღელი პასუხობს:

"ძალიან ბევრი პიროვნება, მათ შორის როგორც ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან იყო ეს საუბრები და მათი მეშვეობით, ასევე უშუალოდ პირადად უზენაესი სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარესთან, ნინო გვენეტაძესთან, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან და იმ პერიოდისთვის ფარცხალაძე არც პროკურატურას წარმოადგენდა და არც სასამართლოს, გესაუბრებოდა ბიძინა ივანიშვილის სახელით"- განაცხადა ჯუღელმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ კაბელების საქმეზე საიას მიერ წარდგენილი საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი, მე-3 "ა" და "ბ" ქვეპუნქტების (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.

საჩივარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ შესაძლო მითვისების/სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლების ფაქტს.