სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშე, აქტივისტი თემურ ქათამაძე 3-თვიან პატიმრობაში დატოვა.
ადვოკატი დარეჯან სალდაძე გამოცემა ბათუმელებთან ამბობს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევებასთან დაკავშირებით, ის 3-თვიან პატიმრობაში იქნება.
"დღეს, 18 იანვარს განიხილებოდა საკითხი, გაძევების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ყოფილიყო თუ არა ბატონი თემური დაკავებული.
შემჭიდროვებული ვადები ჰქონდა სასამართლოს ამ ტიპის საქმეების განსახილველად და სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ თემურ ქათამაძე დატოვა დაკავებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქათამაძეს გადაიყვანენ უცხოელთა დაკავების განთავსების ცენტრში, რომელიც თბილისშია.
სამ თვემდე გასცა სასამართლომ დაკავების ბრძანება, რაც იმას ნიშნავს, რომ სანამ არ მიიღება გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების თაობაზე, ის იქნება 3-თვიან პატიმრობაში, რაც შემდგომში ცალკე განხილვის საგანია და ამაზე ცალკე დაიცავს საია თემურ ქათამაძის ინტერესებს", – ამბობს სალდაძე.
ადვოკატის თქმით, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრდება 5 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
თემურ ქათამაძე ორჯერ დააკავა პოლიციამ. პირველად ბათუმში, შემდეგ კი 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს. გუშინ, 17 იანვარს თემურ ქათამაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო.