გარემოს ეროვნული სააგენტო შოვში, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საფრთხის შემცველი არ არის.
"აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის", - აღნიშნავენ სააგენტოში.
გუშინ ღამით შოვში, სტიქიის ზონაში ქვათაცვენის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეწყდა. შოვში კლდოვანი მასა ჩამოიშალა. შედეგად არავინ დაშავებულა. ღამით ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტეს მაშველებმა, თავდაცვის ძალებმა და ტექნიკამ.
***
3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი და კოტეჯები, სადაც დამსვენებლები იყვნენ. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 ადამიანი კვლავ იძებნება.