საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. ორტურიანი ვადამდელი არჩევნები ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ეროვნულმა გაერთიანებამ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.
საარჩევნო უბნები, საფრანგეთში დილის 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება. გამოკითხვების თანახმად, ვარაუდობენ, რომ არჩევნებში ყველაზე მეტ ხმას ულტრამემარჯვენე პარტია მიიღებს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობით მაინც ვერ შევა.
მარინ ლე პენის პარტიამ, ეროვნულმა გაერთიანებამ პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა მეორე ტურისთვის, მის წინააღმდეგ ცენტრისტულმა და მემარცხენე პარტიებმა ძალები გააერთიანეს, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ლე პენის პარტია დომინანტური საკანონმდებლო ძალა ვერ გახდება.
არჩევნებში ერთმანეთს სამი ძირითადი პოლიტიკური ბლოკი უპირისპირდება: ულტრამემარჯვენე ეროვნული გაერთიანება, პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი და ახალი სახალხო ფრონტის კოალიცია.