30 ივნისს ღამით, საფრანგეთში მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად ულტრამემარჯვენე პოპულისტი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის ეროვნული გაერთიანება ლიდერობს, ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე, მემარჯვენე ექსტრემიზმის მოწინააღმდეგე 8 000-მდე ადამიანი შეიკრიბა და მათ მემარცხენე პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.
საპროტესტო აქციები ლიონში, ნანტში, დიჟონში, ლილსა და მარსელში გაიმართა. მედიის ცნობით, პარიზსა და ლიონში აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს ბოთლები და პეტარდები ესროლა. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.
ულტრამემარჯვენეებმა ხმების დაახლოებით 34% მიიღეს.
არჩევნებში ხმების დაახლოებით 29% მიიღო მემარცხენე კოალიციამ, მესამე ადგილზე კი 23%-ით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი გავიდა.
არჩევნების ll ტური 7 ივლისს გაიმართება.
ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტმა მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენეებმა გაიმარჯვეს.