საფრანგეთის სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად მასწავლებელი დაიღუპა და ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. თავდასხმა ჩრდილოეთ ქალაქ არასში, გამბეტას საშუალო სკოლაში ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.
თავდამსხმელი დაკავებულია. თვითმხილველების თქმით, თავდასხმის დროს ის ყვიროდა "ალაჰჰუ აკბარ".
მოკლული ფრანგული ენის პედაგოგი იყო. დაშავებულები კი კიდევ ერთი მასწავლებელი და დაცვის თანამშრომელი არიან.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელი წარმოშობით ჩეჩენი ახალგაზრდა კაცია და უსაფრთხოების სამსახურისთვის ცნობილი იყო მისი კავშირი რადიკალურ ისლამთან.
ფრანგული მედია წერს, რომ ის აღნიშნული სკოლის ყოფილი მოწაფეა. საინფორმაციო არხი BFMTV იტყობინება, რომ პოლიციამ თავდამსხმელის ძმაც დააკავა.
პოლიცია აცხადებს, რომ სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სკოლას პარასკევს, მოგვიანებით ეწვევა. ეროვნულმა ასამბლეამ კი მსხვერპლთა სოლიდარობის ნიშნად მუშაობა შეაჩერა.