
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ვლადიმირ პუტინს მოუწოდა, რომ ხუთშაბათს სტამბოლში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ბარომ აღნიშნა, რომ გასულ შაბათ-კვირას კიევში „ევროპული ერთობისა და ძალის შთამბეჭდავი დემონსტრაცია“ ვიხილეთ — ევროკავშირის წევრებმა და აშშ-მ ერთხმად მოითხოვეს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა.
„ზელენსკიმ ამ ინიციატივაზე მყისიერი პასუხი გასცა და გამოთქვა მზადყოფნა, პირადად ჩავიდეს სტამბოლში. ახლა პუტინსაც მოვუწოდებთ, დათანხმდეს ამ ნაბიჯს,“ — განაცხადა ბარომ.
ზელენსკიმ თურქეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა X-ზე გამოაქვეყნა:
„მე ველოდები პუტინს თურქეთში ხუთშაბათს. პირადად. იმედი მაქვს, ამჯერად რუსები მიზეზებს არ ეძებენ,“ — დაწერა მან.
გასულ კვირას აშშ-ის დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა და სანქციებით დაემუქრა, თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება.
შაბათს ზელენსკიმ და NATO-ს რამდენიმე ლიდერმა ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ცეცხლის შეწყვეტაზე მზადყოფნა დააფიქსირეს. 15-წუთიანი საუბრისას აღნიშნეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინა მზად იქნება პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ამავე საღამოს პუტინმა ტრამპის მოთხოვნებს უპასუხა და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ ეთანხმება, თუმცა მზად არის ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად ხუთშაბათს, სტამბოლში.
ზელენსკის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ტრამპმა Truth Social-ზე უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდა, რომ შეხვედრას დასთანხმდეს:
„თუ ეს მოლაპარაკებები შედგება, უკრაინა შეძლებს დაადგინოს, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება. თუ არა, ევროპა და აშშ გაარკვევენ, როგორ იმოქმედონ,“ — აღნიშნა მან.