თეთრ სახლში შეკრების ფონზე, კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის

თეთრ სახლში შეკრების ფონზე, კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის

CNN წერს, რომ ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქ კიევში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის.

ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში იკრიბებიან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა უნდა გაიმართოს.

უკრაინული მედიის თანახმად, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზი რუსული MiG-31K-ის აფრენაა. საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ამის გამო, მთელი უკრაინის მასშტაბით რაკეტების საფრთხეა.

მედია წერს, რომ რუკის თანახმად, კიევში, ადგილობრივი დროით, 19:20-ზე ჩაირთო სირენების ხმა და შედეგად, უკრაინის ყველა რეგიონი რუკაზე "გაწითლდა".

ევროპელი ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესახვედრად თეთრ სახლში იკრიბებიან.

ადგილზე უკვე მივიდნენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი.

თეთრ სახლში რამდენიმე წუთში მივლენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.