საფრანგეთში, ლე ბურჟეს აეროპორტში Telegram-ის დამფუძნებელი, პაველ დუროვი დააკავეს.
დუროვი პარიზში 20:00 საათზე საკუთარი თვითმფრინავით დაეშვა. 39 წლის რუსი პროგრამისტი პოლიციამ ასაფრენ ბილიკზე დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, დუროვს ბრალად ედება საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, ტერორიზმი, ნარკოტიკების გაყიდვა, ფულის გათეთრება და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
დუროვი საფრანგეთში ძებნილი იყო და პარიზში აზერბაიჯანიდან გაფრინდა.
რუსი პროგრამისტი ასევე სოციალური ქსელის, ВКонтакте-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორია. მისი ქონება დაკავებამდე 15.5 მილიარდს შეადგენდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარ 120 ადამიანში შედიოდა.
2023 წლის ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ დაცული მესენჯერის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში მიმოწერის შემდეგ სამართალდამცავებთან პრობლემები შეექმნა.
დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა. მისი თქმით, მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა - ისინი ბიზნესმენს ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადაცემას სთხოვდნენ. მოგვიანებით დუროვმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საემიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.