საფარმა ნინოწმინდის პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საფარმა ნინოწმინდის პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საფარმა ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებული ბავშვთა პანსიონის 5 ყოფილი ბენეფიციარის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.

საფარი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამებისა და არაადამიანური/დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) მუხლების დარღვევის დადგენას.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანსიონატში ბენეფიციარები იმყოფებოდნენ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობის ქვეშ, რაზეც საგამოძიებო უწყებებმა ეფექტიანი გამოძიება არ აწარმოვა.

"ამ ეტაპზე არაფერი არ უშლის პროკურატურას ხელს, რომ ბავშვები ცნოს დაზარალებულად და მოახდინოს გადაკვალიფიცირება მუხლის. თუ მოახდენენ მუხლის გადაკვალიფიცირებას დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობით, ასეთ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია კონკრეტული პირებისთვის ბრალის წაყენება და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ამიტომაც რჩება ეს გამოძიება 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას და რისი ხანდაზმულობის ვადაც უკვე გასულია, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მუხლის გადაკვალიფიცირება არ მოხდა, არც საგამოძიებო პროცედურების ჩატარებას ექნება აზრი, რადგან ვერ დადგება ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი"- აცხადებს საფარის იურისტი ცირა ჯგერენაია.

ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საპატრიარქოსთან არსებულ პანსიონატს, სახელმწიფო თავს იკავებს გამოძიებისგან და არ სურს შედეგის დადგომა.

***

ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ანგარიშის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონში აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ.

ომბუდსმენის მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის.

ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.

პანსიონთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა PHR-ის განცხადებით, საქმეზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით და ხარვეზებით მიმდინარეობდა.

2021 წლის 7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა გამოსცა დროებითი ზომა, რომლითაც საქართველოს მთავრობას სახალხო დამცველის ბავშვთა პანსიონში დაუყოვნებელი შეშვება დაავალა, თუმცა დროებითი ზომა დაუყოვნებლივ არ აღსრულდა და PHR-მა განმეორებით მიმართა ეროვნულ სასამართლოს და ბავშვთა პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (შშმ) დაუყოვნებელი გამოყვანა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.