პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილზე გარკვეული ზეწოლა ხდება. გიორგი სხილაძის თქმით, გასულ კვირას ქართული ოცნების გამოქვეყნებული წერილიც შანტაჟის ელემენტებს შეიცავს.
"პრეზიდენტზე რომ ხდება გარკვეული ზეწოლა, ეს ფაქტია და ჩვენ მოწმენი ვართ ყველანი, როდესაც მისი უფლებამოსილებები კანონმდებლები ცდილობენ შეზღუდონ. თვითონ ეს წერილიც შანტაჟის ელემენტებს შეიცავს იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია, თუნდაც მმართველი პარტია არ არის უფლებამოსილი ჩაერიოს პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებში", - განაცხადა სხილაძემ ჟურნალისტებთან.
82 მომხრე დეპუტატი, 9 წინააღმდეგი - საპარლამენტო უმრავლესობამ ეროვნული ბანკის კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
თავდაპირველად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებს უყარეს კენჭი, რასაც მხოლოდ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 26 კი წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც საკითხი ჩავარდა.
ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში თავდაპირველი ცვლილებები წარადგინა, რასაც 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, აქედან გამომდინარე, უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
***
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო 23 თებერვალს დაადო.
7 ივნისს, ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".
ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარი იყო შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.
ამავე განცხადებაში, ოცნებამ თქვა, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.
***
საბჭოს კანდიდატების შერჩევას წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესი, რაც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას. 9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.
ეროვნული ბანკის საბჭო
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: