ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი მზად იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა, თუმცა მმართველი გუნდის მტკიცებით, "პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია".
ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში საუბარია შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა.
ამასთან, ოცნებაში აცხადებენ, რომ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს დაძლევენ.
მმართველი პარტიის თქმით, პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, "თუმცა ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია".
ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს განცხადება სრულად:
"რამდენიმე დღის წინ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სახელით გავრცელდა განცხადება საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ. კერძოდ, განვაცხადეთ, რომ ჩვენ, როგორც მმართველ პარტიას, გვეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა უმაღლესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დაცვაზე, რის გამოც თავს ვიკავებთ და მომავალშიც თავს შევიკავებთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის პრობლემური განცხადებებისა და ქმედებების შეფასებისგან.
თუმცა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მმართველ პარტიას ეკისრება თანაბარი პასუხისმგებლობა როგორც საქართველოს პრეზიდენტის, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვასა და მათი ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, მივიღოთ სათანადო ზომები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის კონკრეტული ქმედებები სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას უქმნის საფრთხეს.
გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ქმედებების გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე, პრობლემა ექმნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამოცანების ჯეროვან შესრულებას. ამავდროულად, დაბრკოლებები ექმნებოდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებასაც, რაც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. კერძოდ, მოქმედი პრეზიდენტი უარს ამბობდა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კონკრეტული პირების დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია პრეზიდენტს მათი დანიშვნისას მხოლოდ სამართლებრივ დისკრეციას ანიჭებს. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ მას შემდეგ დანიშნა უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე შესაბამისი კანდიდატები, რაც საქართველოს მთავრობამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა.
მოგვიანებით, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად ხელახლა წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსმა ისინი საუკეთესო კანდიდატებად გამოავლინა. უნდა აღინიშნოს, რომ ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით და ცესკოს შესაბამისი ორი წევრის მონაწილეობით, ცესკოს იმ დროისათვის უკვე ჩატარებული ჰქონდა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და რამდენიმე შუალედური არჩევნები, რომლებთან დაკავშირებითაც რაიმე მეტ-ნაკლებად არსებითი შენიშვნა ვერავინ გამოთქვა. მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია შერჩევის სამართლიანობის პრინციპი და უარი თქვა სამი კანდიდატის წარდგენაზე მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ მხარდაჭერაზე ოპოზიციის ნაწილი ამბობდა უარს. პრეზიდენტის მიერ ოპოზიციის საბოტაჟის ღია მხარდაჭერა, სახელმწიფოებრივი ინტერესების თვალსაზრისით, სრულიად გაუმართლებელი და მიუღებელია. საქართველოს პარლამენტი იძულებული გახდა გადაესინჯა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის ნაკლოვანი, საბოტაჟის წამახალისებელი წესი, რათა ცესკოს სრულფასოვანი ფორმირება გამხდარიყო შესაძლებელი. აქვე გვსურს საზოგადოებას შევახსენოთ, რომ აღნიშნული წესი 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებაში სწორედ ცესკოს საბოტაჟის წახალისების მიზნით, მიზანმიმართულად ჩაიდო.
ამჟამად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას. დღემდე, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვაკანტურია საბჭოს წევრის ორი პოზიცია, ხოლო 2 მარტიდან ვაკანტურია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაც. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის კონსულტაციების საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული. ამგვარი კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი. კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ესოდენ უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის.
იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას. ასეთ პირობებში, საქართველოს პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო. ვეტოს დაძლევის პროცედურას საქართველოს პარლამენტი მომდევნო სასესიო კვირაში დაასრულებს.
მმართველი გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ამომრჩევლის წინაშე"- ნათქვამია განცხადებაში.
საბჭოს კანდიდატების შერჩევას წინ უძღოდა ხმაურიანი პროცესი, რაც მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების დაინიცირებას. 9 თებერვალს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ახალი, პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაჩენას ითვალისწინებდა. პრეზიდენტის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.
ეროვნული ბანკის საბჭო
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა, რომელიც 9 წევრისაგან შედგება. მის წევრებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით, 7 წლის ვადით ირჩევს.
ამ ეტაპზე საბჭოში 7 წევრია და ის შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული: