მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევნის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა, რომ იმედოვნებს, მოქალაქეები ქვეყნის სასარგებლოდ სწორ არჩევანს გააკეთებენ.
"დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა. ქურდებს სურთ ჩვენი ხმა და ქვეყანა იყიდონ, მაგრამ ხალხის ძალა იმაზე გაცილებით ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია. მოლდოველებო, გამოდით ხმის მისაცემად", - აღნიშნა სანდუმ.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ამჟამინდელი პრეზიდენტი მაია სანდუ და ყოფილი პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო მონაწილეობენ.
პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და სანდუმ ხმების 42.4% მიიღო, თუმცა პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50% ვერ მოიპოვა.
სანდუ რუსეთის მიერ არჩევნებში აქტიურ ჩარევაზე დიდი ხანია საუბრობს. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველანაირი შედეგია მოსალოდნელი.
ამასთან, მოლდოვის პოლიციამ და პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პარტიების უკანონო დაფინანსების საქმის გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე პირი დააკავა. მასშტაბური ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო რუსულ ორგანიზაცია ევრაზიასთან არსებული კონტაქტები, სოლიდური თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული ერიცხებოდათ.
მოლდოვის პოლიციის ინფორმაციით, ოქტომბერში, არჩევნებსა და რეფერენდუმში ამომრჩევლების მოსასყიდად რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გადაირიცხა.
მოლდოვის პრემიერის, დორინ რეჩანის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებობდნენ.
"დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ", - განაცხადა რეჩანმა.