მოქალაქე, რომელიც შოვიდან ვერტმფრენით გადმოიყვანეს, ამბობს, რომ სტიქიის ზონაში დედაა ჩარჩენილი.
"სახლში, სამზარეულოში იყო, მაგრამ არსად არ ჩანს. მაშველები არიან მისულები, მაგრამ არ ჩანს... სახლის სახურავი ჩანს იმ ადგილას, სხვა არაფერი", - ამბობს ქალი ფორმულასთან.
რამდენიმე საათის წინ კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
სანსეტ შოვის თანამშრომელი ქეთი მაისურაძე ამბობს, რომ მეწყერი შეჩერებულია და მსხვერპლი არაა. ფორმულას ეთერში საუბრისას მან აღნიშნა, რომ სტუმრები უსაფრთხოდ არიან.
ონის მერმა სერგო ხიდეშელმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ აქვთ.
გარდა ამისა, ადგილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მოქალაქე ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ჯერ კიდევ ეძებს და მათთან კონტაქტზე ვერ გადის.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობა დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს და მათ დასახმარებლად ვერტმფრენები მუშაობენ.
ამ ეტაპისთვის სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.