სამოქალაქო იდეა: ქართული ოცნება აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს

სამოქალაქო იდეა: ქართული ოცნება აქციის მონაწილეებს ჩინური კამერებით აკონტროლებს

ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა ანგარიშს იმის შესახებ აქვეყნებს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე მყოფი მოქალაქეების გასაკონტროლებლად ჩინურ სათვალთვალო კამერებს იყენებს.

ორგანიზაციის თქმით, 2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების მიერ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების დაშინების და მონიტორინგის გაძლიერებულ მცდელობებს.

"სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში 112-მა ჯამში 485 877 ლარის ღირებულების ჩინური კამერა შეიძინა. კერძოდ,

◊ 2025 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-მა შპს “ჯი ეს სი”-სგან შეისყიდა 155 977 ლარის ღირებულების 35 კამერა, რომელიც წარმოებულია Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd-ს (იგივე Dahua) მიერ.

◊ 2025 წლის 28 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „112“- მა შპს „ჯი ეს სი“-სგან შეისყიდა 329 900 ლარის ღირებულების 100 მართვადი კამერა, რომელიც წარმოებულია ჩინური კომპანია Dahua-ს მიერ", - წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია სამოქალაქო იდეას წინა კვლევის მიხედვით, 2019-2024 წლებში სამინისტროებმა და მათმა ქვეუწყებებმა ჩინური კამერების შესყიდვებზე ჯამში 252 390 ლარი დახარჯეს. ამასთან, 112-ის მიერ, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-თებერვალში თითქმის ორმაგი ღირებულების კამერების შეძენა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

"აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისისს კომუნისტური ჩინეთისთვის დამახასიათებელი „პოლიციური სახელმწიფოს“ მეთოდებით „მართავს“", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ანგარიშის მიხედვით მიიჩნევს, რომ ჩინური სათვალთვალო კამერები მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს.

"ჩინეთის ტექნოლოგიების მწაროებელ მსხვილ კომპანიებს, მათ შორის Dahua-ს, მჭიდრო კავშირები აქვთ ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. მაგალითისათვის, მიუხედავად იმისა, რომ Dahua ოფიციალურად კერძო კომპანიას წარმოადგენს, მისი დამფუძნებლები და დირექტორები კომპარტიასთან აქტიურად თანამშრომლობენ. Dahua-ს ერთ-ერთმა მეწილემ, ფუ ლიქუანმა 2018 წელს ერთ-ერთ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კომუნისტური პარტიის ლოზუნგის - „ყოველთვის მიჰყევი პარტიას“ („Always Follow The Party“) მნიშვნელობას.

◊ ჩინურ კომპანიებს, მათ შორის ტექნოლოგიურ კომპანიებს, ეროვნული დაზვერვის კანონის შესაბამისად, ევალებათ ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობა. შესაბამისად, ჩინური კამერების მიერ შეგროვებული ინფორმაცია, შესაძლოა, ჩინეთის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს.

◊ ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების სისტემები შეიცავენ ისეთ მოწყვლად ელემენტებს, რომლებიც კიბერშეტევების განხორციელების შესაძლებლობას ჰქმნის.

◊ ჩინური სათვალთვალო კამერები ხშირად გამოიყენება ავტორიტარული სახელმწიფოების მიერ მოქალაქეებზე კონტროლისა და თვალთვალის მიზნებისთვის", - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია სამოქალაქო იდეა აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევების გამო, დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების ნაწილმა კომპანია Dahua-ს მიერ წარმოებული კამერების გამოყენება აკრძალა. მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნული კომპანიის ტექნოლოგიები რამდენჯერმე აიკრძალა.

"ამერიკის კომერციის დეპარტამენტმა, 2019 წელს, უიღურთა იძულებითი შრომის პრევენციის აქტის ფარგლებში, Dahua შავ სიაში შეიტანა.

◊ 2021 წელს, ამერიკის ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ Dahua ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის წარმომადგენელი ორგანიზაციების სიაში დაამატა.

◊ 2022 წელს, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა Dahua ჩინეთის „სამხედრო კომპანიად“ დაასახელა", - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციის თქმით, "ნიშანდობლივია, რომ დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ Dahua-ს პროდუქციის აკრძალვის ფონზე, „ქართული ოცნება“ სულ უფრო ინტენსიურად იყენებს ჩინურ სათვალთვალო კამერებს. საქართველოს მოქალაქეების თვალთვალისა და დაშინების მცდელობები სამეთვალყურეო ტექნოლოგიების მეშვეობით წარმოადგენს „ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლის კიდევ ერთ გამოხატულებას".