სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე "დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის საქმეზე" CANVAS-ის 3 წევრი დაიბარეს. ისინი სერბეთის მოქალაქეები არიან.
18 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, სადაც ამტკიცებდნენ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
სუს-ის განცხადებაში CANVAS ნახსენებია როგორც ორგანიზაცია, რომელიც "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება".
სუს-ში ირწმუნებიან, რომ ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა". მათი განცხადებით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების" თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. უწყების თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - მათ შორის, სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე.