სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ აგვისტოს შემდეგ რუსეთს მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაუგზავნა. ცნობები ამის შესახებ AP News-ს დაზვერვის შეხვედრაზე მყოფმა წყარომ მიაწოდა.
ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთის საბრძოლო მასალებით მომარაგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თეთრმა სახლმაც - 14 ოქტომბერს ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის სამხედრო მასალისა და საბრძოლო ტექნიკის გაგზავნაში დაადანაშაულა.
მათი ცნობით, 7 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით რუსეთის დროშის ქვეშ მყოფმა გემმა 1000-ზე მეტი კონტეინერი გადაიტანა ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის საწყობიდან რუსეთის პორტში, საიდანაც ტვირთი რუსეთის სამხედრო საწყობში გადაზიდეს.
აშშ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე თვეებიდან საუბრობს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დახმარების მოლაპარაკებებზე და გამოხატავს შეშფოთებას ორ ქვეყანას შორის მზარდი თანამშრომლობის საკითხზე.