მოქელაქეებმა შექმნეს პეტიცია, რომლითაც ხელმომწერები ითხოვენ, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულება გაიტანონ. მათი თქმით, გაუგებარია, ტაძრის მესვეურებმა საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა რატომ დაუშვეს.
პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ ეს იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული ვარიანტია, რომელმაც რუსეთშიც კი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და აღინიშნებოდა, რომ სტალინის ე.წ. სტუმრობა მატრონასთან იყო შეთხზული ამბავი და რეალობასთან კავშირი არ ჰქონია.
"იოსებ სტალინი, საბჭოთა დიქტატორი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს გასაბჭოება, ქვეყანაში სისხლის გუბეების დაყენება და საქართველოს ჩამოშორება ცივილიზებული სამყაროსგან ხანგრძლივი ვადით, არ უნდა იყოს გამოფენილი ქართულ ტაძარში. სტალინის მმართველობის ეპოქას უკავშირდება 1937 წლის რეპრესიები, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მათ შორის დახვრეტილ იქნა ათობით ათასი სასულიერო პირი ისევე როგორც, ბოლშევიკურ რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა საქართველოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია! ეს ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული ჩვენს ათასობით თანამემემულის ხსოვნას. ასევე, ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც სტალინური რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ოჯახების შეურაცხყოფად. გარდა ამისა, ეს არის იმ იდეის უგულებელყოფა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ბატონი ზვიად გამსახურდია და ბატონი მერაბ კოსტავა!
ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ, ქვვემოთ ხელისმომწერნი, საქართველოს საპატრიარქოსგან მოვითხოვთ, რომ აღკვეთილ იქნას ეს ფატალური და ქართველი ერისთვის დამამცირებელი შეცდომა და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანილ იქნას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ნახატი!" – ნათქვამია პეტიციაში.
ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს. საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება იმ დღესვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
გუშინ, 10 იანვარს კი ფერაძის სახლთან ძალადობრივი, ჰომოფობიური, პრორუსი ალტ–ინფოს წევრები მივარდნენ და მას ემუქრებოდნენ. პოლიციამ მას სახლთან მისვლის საშუალება არ მისცა. ადგილზე მოხდა მათსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.