ლელოს წევრი, სალომე სამადაშვილი ქართული ოცნების დეპუტატს, მაკა ბოჭორიშვილს "მედროვეს" უწოდებს და აცხადებს, რომ 2012 წელს ის ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებდა. ამის შესახებ სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"დღეს ამ ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც 8 წლის მანძილზე მუშაობდა, ნაციონალური მოძრაობის დროს, ევროკავშირში ჩვენს მისიაში, დადიოდა 2012 წელს და ევროპულ ინსტიტუციებში საუბრობდა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, აქ, ამ დარბაზიდან საუბრობს იმაზე, რომ თურმე მაშინდელი ხელისუფლება არაფერს არ აკეთებდა ევროინტეგრაციისთვის.
სიმართლე კი არის მარტივი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ, ქართულო ოცნებავ, მედროვე. ხალხი, რომელიც ჩაბარდება ყველა ხელისუფლებას, ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალი იქნება, ქართული ოცნების დროს ოცნების მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა", - განაცხადა მან.
დღეს მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ოპოზიციამ საქართველოს სტრატეგიული მიზანი "მოლოტოვის კოქტეილად", ხოლო რუსეთი "ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად" აქცია. მისი მტკიცებით, ოპოზიციამ ყველაფერს "რუსული" დაარქვა და სინამდვილეში არც "რუსული ოცნება" არსებობს და არც მიხეილ სააკაშვილია პუტინის პატიმარი.