
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია შედგა, რაც მათი საერთო პოზიციების შეჯერებას ისახავს მიზნად. ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ გუშინდელმა პროტესტმა ხელისუფლების რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, თავისი ძალა აჩვენა.
"გუშინდელი პროტესტი იმედს გვაძლევს და ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო მისი დაშლა. პროტესტი არსებობს და როცა საშუალება ეძლევა, კიდევ უფრო ძლიერად გამოჩნდება," – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის, რაც ოპოზიციის ერთობლივ პასუხს საჭიროებს.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს 7 აპრილის სესიაზე სავარაუდოდ მკაცრი რეზოლუცია მიიღება, სადაც პოლიტპატიმრების საკითხი ცენტრალური იქნება.
"ჩვენი გზა მშვიდობიანი და საარჩევნო პროცესზე ორიენტირებულია. მივაღწევთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ხელისუფლების შეცვლას არჩევნებით," – დასძინა მან.