პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს.
როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მმართველი პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს.
"თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატებში მოვიდეს. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატებში. რადგან მიიჩნევს თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი პირი მე ვარ, მაშინ გავარჩიოთ დებატებზე რაღაცები და მე ვკითხავ, არა ჩემი მხრიდან, მე აღარაფერი არ მაინტერესებს, ფაქტებს ვუყურებ და ვხედავ საითკენ მიდის ქვეყანა, მაგრამ საზოგადოებისთვის ვალდებულია ახსნას ზოგიერთი პოზიცია.
რატომ გაუშვა ორჯერ პრემიერი, რომელიც კორუმპირებული იყო და მერე დააბრუნა. მერე იბარებს და ნიშნავს ყველაზე არაპოპულარულ პრემიერს. რას ერჩის ამ ქვეყანას, ხომ უნდა გვითხრას, არჩევნებამდე მაინც. ასე რომ ერთი კარგი დებატი გველოდება", - თქვა ზურაბიშვილი.
მისივე თქმით, მმართელი პარტია ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას ასრულეს, რითაც ქვეყანას არჩეული კურსიდან გადაახვევინა და იზოლაციაში მოაქცია.
"მთავარი ის არის, რომ ბატონმა ივანიშვილმა თავის საზოგადოებას არაფერზე უპასუხა, არაფერი უთხრა, არაფერი არ ახსნა - თუ რატომ გადაახვევინა მთავრობას, რომელიც ვიცით რომ არის მხოლოდ და მხოლოდ შემსრულებელი, გადაახვევინა ჩვენი კურსიდან - ასეთი ზიანი მიაყენა ქვეყანას. იზოლაციაში ჩააყენა ქვეყანა. ეს ქვეყანა დაასუსტა. გახსოვთ სტატუსის მიღების დღეებში რა ხდებოდა, ყველა ყველას ულოცავდა, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო - ეს ყველაფერი გათელა, იმისთვის რომ რაღაც უაზრო და არასაჭირო კანონი შემოეტანა. რატომ? - ვინმეს უთხრა ?", - აღნიშნა პრეზიდენტმა.