სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ მიდგომებს არ იყენებს იმისთვის, რომ ადგილზე სიტუაცია დაარეგულიროს.
გუშინ ადიგენში მუსლიმი თემის წარმომადგენლები მეჩეთამდე არ შეუშვეს და მათ პარასკევის ლოცვის ჩატარების საშუალება არ მისცეს.
თავდაპირველად, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა მეჩეთთან იყო შეკრებილი. დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, პოლიციამ მუსლიმებს სალოცავამდე მისასვლელი გზა გადაუკეტა, რამაც მათ შორის მცირე დაპირისპირებაც გამოიწვია.
"აშკარაა, რომ სახელმწიფო არც სამართლებრივ და არც პოლიტიკურ მიდგომებს არ იყენებს იმისთვის, რომ სიტუაცია დაარეგულიროს, ადგილზე უზრუნველყოს სოციალური მშვიდობა, დაიცვას ქართველი მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლება, თანასწორობა და ამავდროულად, ძალიან აშკარაა, რომ სახელმწიფო არაფერს აკეთებს თემთა შორის ნდობისა და მშვიდობის მშებენებლობისთვის", - განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ.
მუსლიმ მართლმადიდებელ მრევლსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო, რომ მუსლიმთა თემის წარმომადგენლებს სალოცავად სხვა ადგილი უნდა აერჩიათ, რომელსაც ხელისუფლება გამოყოფდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.
***
დაპირისპირება ადიგენში მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას შორის 8 მარტს დაიწყო, როცა ამ უკანასკნელებს ლოცვა ჩაუშალეს. შემთხვევა იუსუფ მიქელაძის სახლთან მოხდა და ადგილზე პოლიციის მობილიზება გახდა საჭირო.
დაპირისპირების შესახებ საუბრისას, ხულოს მუფთმა, ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ გარკვეული პირები შუღლის გაღვივებას ცდილობენ. კერძოდ, მან ახსენა ადგილობრივ მღვდელი და ასევე დასძინა, რომ მსგავსი შემთხვევები წინა კვირებში მომხდარა.