სახალხო დამცველის ცნობით, აქციაზე დაკავებულმა აღელვების ნიადაგზე საპარსის გადაყლაპვა სცადა

სახალხო დამცველის ცნობით, აქციაზე დაკავებულმა აღელვების ნიადაგზე საპარსის გადაყლაპვა სცადა

სახალხო დამცველის აპარატი აქციაზე დაკავებული ორი მოქალაქის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. ომბუდსმენის ცნობით, ორივე მათგანი დღეს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ერთ-ერთმა მიუთითა, რომ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ შესახლებული იყო საკანში, სადაც მის გარდა ოთხი პატიმარი იმყოფებოდა, რომლებთანაც "პოლიტიკური შეხედულებების გამო შეუთავსებლობა ჰქონდა და ხშირად კამათობდნენ".

"სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. 28 მაისს დაწესებულების თანამშრომელს სთხოვა საკნის შეცვლა, რაც დაკმაყოფილდა და იმავე დღეს შეასახლეს სხვა საკანში, სადაც თავს გრძნობს კარგად და უსაფრთხოდ. ამ ეტაპზე სახალხო დამცველის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნია", - წერს ომბუდსმენი.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ომბუდსმენის ცნობით, მან განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ, გარკვეული პრობლემები და შეკამათება ჰქონდა, თუმცა საკითხი ამ დროისთვის მოგვარებულია.

"მისი თქმით, აღელვების ნიადაგზე სცადა საპარსის გადაყლაპვა, რაც შემდეგ გადაიფიქრა. განმარტა, რომ ჰქონდა კონსულტაცია ფსიქოლოგთანაც და დადებითად შეაფასა კონსულტაცია. ამის გამო კვლავ სურს განმეორებითი კონსულტაცია, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს", - ნათქვამია განცხადებაში.

აპარატის ცნობითვე, ვიზიტის შედეგების შესახებ დაკავებულების ადვოკატს ინფორმაცია უკვე მიაწოდეს.

"სახალხო დამცველის აპარატი მზად არის ნებისმიერი უფლებადარღვევის, მათ შორის, პატიმართა უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტებზე დაუყოვნებლივ გაატაროს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. უფლებების დარღვევის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის ცხელ ხაზს - 14 81", - წერს ომბუდსმენი.

***

დღეს ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციების დროს დაკავებული ორი ახალგაზრდა ციხეში პოლიტიკურად მტრულ გარემოში შეასახლეს, მათ სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

როგორც ჟორჟოლიანი წერს, საუბარია 19 და 21 წლის ახალგაზრდაზე, რომლებიც სახელმწიფოს 400-ლარიანი ზიანის მიყენებისთვის დააკავეს და 6-წლიანი მუხლი წაუყენეს.

ჟურნალისტის ცნობით, დაკავებულებს "სცემენ საკანში, აფურთხებენ და საჭმელს არ აჭმევენ", ციხის ადმინისტრაცია კი ფაქტებზე არ რეაგირებს.

ჟორჟოლიანმა ფეისბუკით რეაგირებისკენ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუწოდა, მოგვიანებით კი დაწერა, რომ სახალხო დამცველის აპარატიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ დღესვე ჩაერთვებიან საქმეში.