სახ.დეპში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნების გამოძიების საკითხზე EU-სთან კონსულტაციები აქვთ

სახ.დეპში ამბობენ, რომ საქართველოში არჩევნების გამოძიების საკითხზე EU-სთან კონსულტაციები აქვთ

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი ამბობს, რომ აშშ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიების საკითხზე ევროკავშირში კოლეგებთან კონსულტაციებს გადის.

ეს განცხადება მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, როდესაც საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაზე ჰკითხეს.

"პრეზიდენტის [ჯო ბაიდენის] განცხადება მხოლოდ იმას გულისხმობდა, რაც მან თქვა, სხვა არაფერს. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სხვა გამოძიებები შეიძლება იყოს შესაბამისი", - თქვა მან.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გააზიარებს ინფორმაციას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით.

"მოდით, პრეზიდენტმა [სალომე ზურაბიშვილმა] თავად ისაუბროს საკუთარ თავზე, მაგრამ მე როგორც გავიგე, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია [საარჩევნო] დარღვევების შესახებ, ასე რომ, იმედია, ის უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის გაზიარებას. ის რელევანტური იქნება რელევანტური ნებისმიერი გამოძიებისთვის, მიუხედავად იმისა, საქართველოს ოფიციალური პირები ჩაატარებენ მას თუ ნებისმიერი სხვა", - თქვა მეთიუ მილერმა.

მან საქართველო-აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გრძელდება ჩვენი ურთიერთობის გადახედვა საქართველოს მთავრობასთან. ჩვენ უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 95 მილიონი დოლარი და სხვა დახმარება, რომელსაც ვაწვდით, გადახედვის ქვეშ რჩება", - თქვა მეთიუ მილერმა.