სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ანონიმურობის პირობაზე დაყრდნობით, ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრეს მიზეზებზე, რის გამოც, სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა.
სახ.დეპის წარმომადგენელი განმარტავს, რომ შეზღუდვები მოსამართლეებს დაუწესდათ, ვინაიდან ისინი "ჩართული არიან მნიშვნელოვან კორუფციაში და ეს დაკავშირებულია მათ ახლანდელ, ან ყოფილ პოზიციებთან".
"მათმა კორუფციულმა ქმედებებმა, ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში, შესაბამისად საფრთხე შეუქმნა საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირისა და NATO-სკენ", - აცხადებს სახ.დეპის წარმომადგენელი.
სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ოთხი მოსამართლისთვის პასუხისმგებლობის გარდა, ამ გადაწყვეტილებას სხვა მოტივებიც აქვს.
"ეს ქმედება აჩვენებს ჩვენს ერთგულებას საქართველოს დემოკრატიული განვითარების სამომავლოდაც მხარდაჭერაში, ასევე იმის აუცილებლობას, რომ ქართველმა ოფიციალურმა პირებმა უნდა გადადგან საჭირო ნაბიჯები აუცილებელი რეფორმების გასატარებლად, რათა დარწმუნდნენ, რომ არსებობს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.
ჩვენ დიდი ხანია შეშფოთებული ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო", - აცხადებს სახ.დეპის წარმომადგენელი.
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ევროკავშირმა საქართველოს 12 პუნქტის შესრულება დაავალა კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ერთ-ერთი პუნქტი კი დამოუკიდებელი სასამართლო და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებაა. სახ.დეპის წარმომადგენლის თქმით, მათი სურვილია ქართველ ხალხს სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარონ.
"მინდა დავარწმუნო, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე ქართველი ხალხი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთგული რჩება დაეხმაროს საქართველოს ნებისმიერი გზით, რომ შეასრულოს ის ნაბიჯები, რომელიც გასულ წელს ევროკავშირმა წარუდგინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტირება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო, რომლისკენაც ევროკავშირი "ქართულ ოცნების" მთავრობას მოუწოდებდა. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს "ქართულ ოცნებას", რომ გამოიძიოს და აღმოფხრვას კორუფცია, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები, რათა გარანტირებული იყოს მიუკერძოებელი სასამართლო და რომ ეს მოხდეს ინკლუზიურად", - განაცხადა სახ.დეპის მაღალჩინოსანმა.
სახელმწიფო დეპარტამენტში არ განმარტავენ ზუსტად რა კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ, თუმცა ამბობენ: "ეს გრძელი პროცესია, მისი მიღების განხილვის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან საფუძვლიანი პროცესია, ყოველთვის ვრწმუნდებით, რომ სანდოობას მკაცრად ვამოწმებთ და დარწმუნებულები ვართ იმ ინფორმაციაში, რომელიც გვაქვს".
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.