აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
კითხვაზე რა შეიძლება იყოს საქართველოს სამთავრობო მედიებისა და ხელისუფლების მხრიდან აშშ-ის საელჩოსადმი ბრალდებების მიზეზი, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ რომელიმე მხარის განცხადებების "ფსიქოლოგიური შეფასებას" არ აპირებს.
"მე მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ თბილისში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა ლობირებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ" - განაცხადა ვედანტ პატელმა.
26 ივლისს აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.
საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.