სახ.დეპი: რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ

სახ.დეპი: რუსეთთან ფრენების აღდგენის შემდეგ ქართულ კომპანიებს, შესაძლოა, სანქციები დაემუქროთ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტებში არსებული ის კომპანიები, რომლებიც იმ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომლებისთვისაც იმპორტ/ექსპორტის შეზღუდვები მოქმედებს, "შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ".

პატელმა ასევე აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როცა მთელი დასავლეთი ემიჯნება რუსეთს, "ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან".

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ უკრძალავენ რუსულ თვითმფრინავებს მათ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შეშფოთებულები ვიქნებით, რომ საქართველოს აეროპორტებში არსებული კომპანიები, შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტის და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.

მთელი დასავლური საზოგადოება გაემიჯნა რუსულ რეჟიმს და ახლა არაა დრო, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ გაზარდოს კავშირები რუსეთთან.

ქართველი ხალხი, სავარაუდოდ, ამჯობინებდა, პუტინს გაეყვანა რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიების 20%-დან, რომელიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ვიდრე ენახა პირდაპირი ფრენების აღდგენა ან ვიზის რეჟიმის ცვლილება." - განაცხადა პატელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.