
გორის სასამართლოს მოსამართლემ ნინო გერგაულმა არ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა გორელი აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ.
ინფორმაციას ამის შესახებ ქართლის ამბები ავრცელებს და წერს, რომ ნინო გერგაულის გადაწყვეტილება რაჟდენ კუპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ქართლის ამბების თანახმად, სააპელაციო სასამართლოდან დღეს თეონა ფანქველაშვილს და თეო ბზიშვილს აცნობეს, რომ მათ წინააღმდეგ შეტანილია განცხადება და აქტივისტებმა სწორედ ამ გზით შეიტყვეს საჩივრის არსებობის შესახებ.
"როგორც თეონა ფანქველაშვილი აცხადებს, ანტიკორუფციულ ბიუროს ეჭვი აქვს, რომ აქტივისტები არიან მოძრაობა ,ფარისა და ,ერთობის წევრები და სურთ ხელისუფლებაში მოსვლა.
"ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს ამ ორგანიზაციებთან და არც არანაირი სარგებელი მიგვიღია მათგან", - აღნიშნავს თეონა ფანქველაშვილი ვიდეო მიმართვაში და განმარტავს, რომ არც ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ გაუჟღერებია როდისმე.
აქტივისტების უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.
ლექსო მერებაშვილის ცნობით, ნინო გერგაულმა ანტიკორუფციულ ბიუროს განუმარტა, რომ იმისათვის, რომ აქტივისტები წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, უნდა ჰქონდეთ საჯაროდ გაცხადებული მათი მხარდაჭერის შესახებ, ასევე სხვა მტკიცებულებები მოძრაობის წევრობის თაობაზე; პოლიტიკური სუბიექტის სურვილი ხელისუფლებაში მოსვლისა.
როგორც ლექსო მერებაშვილი განმარტავს, მსგავსი მტკიცებულებები არ არსებობს. შესაბამისად გორის მოსამართლის გადაწყვეტილება დასაბუთებულია", - წერს მედია.