
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარეს.
გერმანიის საგარეო უწყების ცნობით, მას გადასცეს გზავნილი, რომ გერმანიის ელჩზე აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს.
"დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა. ჩვენ მკაფიო გზავნილი გადავეცით: საქართველოს ხელისუფლების მიერ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა მიუღებელია და უნდა შეწყდეს", - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ქართული ოცნების წევრები გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიმართ დეზინფორმაციას პერიოდულად ავრცელებენ და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებენ. საუბრობენ მის შესაძლო გაძევებაზეც.