სახ.დეპი ფრენებზე: ვაგრძელებთ დაკვირვებას, საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ ნაბიჯებს

სახ.დეპი ფრენებზე: ვაგრძელებთ დაკვირვებას, საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ ნაბიჯებს

აშშ-ის სახცელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ვედანტ პატელი კვლავ აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების შესრულება "მზარდად შემაშფოთებელი იქნება არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ დასავლური ქვეყნებისთვისაც".

ის აცხადებს, რომ "ახლა, როცა მთელი სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან, არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის". მისი თქმით, აშშ აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში, გადადგამს დამატებით ნაბიჯებს.

"თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები შესრულდება, ეს იქნება მზარდად შემაშფოთებელი, არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ სხვა დასავლური ქვეყნებისთვისაც. ასევე კომპანიებისთვის, რომლებიც შესაძლოა, მუშაობდნენ საქართველოს აეროპორტიდან, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს ექვემდებარებიან.

მთელი დასავლური სამყარო დისტანცირდა რუსეთისგან და ჩვენ გვჯერა, რომ ახლა არ არის დრო რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის.

ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით და ნათლად ვისაუბრეთ იმ ფაქტზე, რომ ისევე, როგორც ბევრ დასავლურ ქვეყანას, მიღებული გვაქვს ზომები ჩვენს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შემოსვლის აკრძალვისთვის

ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციაზე დაკვირვებას და საჭიროების შემთხვევაში, გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს", - განაცხადა პატელმა.

12 მაისს ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვეტანდ პატელმა ასევე თქვა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტებში არსებული ის კომპანიები, რომლებიც იმ რუსულ თვითმფრინავებს მოემსახურებიან, რომლებისთვისაც იმპორტ/ექსპორტის შეზღუდვები მოქმედებს, "შესაძლოა, სანქციების რისკის წინაშე აღმოჩნდნენ".

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.