პარტია საქართველოსთვის ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისი პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ქვეყანაში თავის ფუნქციას ვერ ასრულებს.
პარტიაში ამბობენ, რომ [ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი] ექვემდებარება პარტიას და პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს.
"ხელისუფლებამ, რომელიც განუყოფელია ძალადობრივი ჯგუფებისგან, ადამიანები მოატყუა, რომ დაიცავდა, რათა შეკრების ადგილზე რაც შეიძლება მეტი მოძალადე მიეყვანა და შემდგომ ეს მათ გამარჯვებად გაეფორმებინა. ოცნებამ ერთი ხელით ადამიანებს უსაფრთხოების ცრუ გარანტიები მისცა და მეორე ხელით ძალადობა დააორგანიზა. ეს არის მკაფიო გზავნილი ხელისუფლების მხრიდან, რომ როცა დასჭირდებათ და ვის წინააღმდეგაც დასჭირდებათ იძალადებენ თუ ეს მათ პოლიტიკურ ინტერესშია. ეს არის კიდევ ერთი გაფრთხილება, ხელისუფლება წინასაარჩევნო პროცესის ძალადობრივ გარემოში წარმართვას აპირებს. დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნებისთვის ფასეულობები არ არსებობს. თუ დასჭირდათ იძალადებენ, თუ დასჭირდათ სახელმწიფოს გააუქმებენ. მათთვის მთავარია პირადი კეთილდღეობა და პარტიული ინტერესი", - წერია პარტიის განცხადებაში.
***
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.