საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება

საქართველოში 4 ოქტომბერს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ეუთო/ოდირი არ დააკვირდება.

ეუთო/ოდირი ფორმულასთან აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავრობისგან არ მიუღია მოწვევა თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად.

"ეფექტური სადამკვირვებლო მისიის ორგანიზებისა და დამკვირვებლების განლაგებისთვის დარჩენილი შეზღუდული დროის გათვალისწინებით, ODIHR-ს აღარ შეუძლია ჩაატაროს ყოვლისმომცველი და შინაარსიანი არჩევნების დაკვირვება", - აცხადებს ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში ფორმულასთან.

ეუთო/ოდირის სპიკერი წუხს მოწვევის არარსებობის გამო, რაც მათივე თქმით, ეწინააღმდეგება წინა პრაქტიკებს, როდესაც მათ 2021, 2017, 2010 და 2006 წლების ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად იწვევდნენ.

"როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფომ, საქართველომ აიღო ვალდებულება, ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ODIHR არ აკეთებს კომენტარს იმ არჩევნებზე, რომლებსაც არ აკვირდება, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს ჩვენი მანდატით განსაზღვრულ ყველა სფეროში", - აცხადებს კატია ანდრუში.

18 ივნისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდა, წლევადელ თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მისია მოიწვიოს.

მოგვიანებით, ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ არ აპირებენ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის მოწვევას და თქვა, რომ "ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთო/ოდირს".

მან "გამონაკლისი" უწოდა 2021 წელს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის მოწვევას, თუმცა, ეუთო/ოდირი 2021 წლის ადგილობრივი არჩევნების გარდა საქართველოში 2006, 2010, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებსაც აკვირდებოდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ 2014 წელი.

ეუთო/ოდირში აცხადებენ, რომ 2014 წლის გამონაკლისის გარდა, როდესაც შეზღუდული ბიუჯეტის გამო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდნენ, ეს პირველი არჩევნები იქნება, რომელზეც არ იწვევენ.

"საქართველოში პირველი საყოველთაო ადგილობრივი არჩევნები 2002 წელს ჩატარდა და მას შემდეგ, ODIHR-ს რეგულარულად იწვევენ საქართველოში ყველა ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ სადამკვირვებლო მისიები გავგზავნეთ ყველა არჩევნებზე, გარდა ერთისა (2014 წელს, შეზღუდული ბიუჯეტის გამო).

ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის არსებობა ხელს უწყობს პროცესის გამჭვირვალობას, ხოლო ჩვენი რეკომენდაციები ხელს უწყობს არჩევნების მთლიანობის გაძლიერებას ადგილობრივ დონეზე.

გასული ორი ათწლეულის განმავლობაში ODIHR არაერთ მუნიციპალურ არჩევნებს დააკვირდა. ბოლო მაგალითებია: ბოსნია და ჰერცეგოვინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში, სერბეთში – 2024 წლის ივნისში და მოლდოვაში – 2023 წლის ნოემბერში", - განუცხადეს ფორმულას ეუთო/ოდირში 18 ივნისს.