
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ცნობით, საქართველოს ორ მოქალაქეს, იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო რეჟიმმა 2024 წლის 16 სექტემბერს დააკავა. გენგიურსა და მერებაშვილს არარსებული საზღვრის უკანონოდ კვეთასთან ერთად, ინფრასტრუქტურის დაზიანებას ედავებიან.
ამ დროისთვის საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება.
ანთაძემ ამის შესახებ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების 123-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მოქმედი სამუშაო ჯგუფების მომდევნო შეხვედრა 3 აპრილს გაიმართება.