საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული აქტივისტი ლაზარე გრიგორიადისი პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო ხუჯაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

დღევანდელ პროცესზე, გრიგორიადისის ადვოკატებმა მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე ასევე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.

პროცესის მიმდინარეობისას გრიგორიადისმა სიტყვით ისარგებლა.

"მიმალვა რომ მნდომებოდა, ერთი თვის განმავლობაში დავიმალებოდი. ტანსაცმელი, რომლითაც ამიყვანეს, იგივე ტანსაცმელი იყო, რაც აქციაზე მეცვა" - თქვა გრიგორიადისმა.

***

31 მარტს სასამართლომ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

აქტივისტის წინააღმდეგ ხელისუფლებამ სიძულვილის კამპანია დაიწყო. უკვე ორჯერ ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ "ორიენტაციაარეული" უწოდა.

ადვოკატმა ლიკა ბითაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისის მონახულების შემდეგ თქვა, რომ დაკავებისას აქტივისტის უფლებები დაირღვა. ბითაძის თქმით, გრიგორიადისს თავდაპირველად არ მისცეს ადვოკატთან შეხვედრის საშუალება და თმა მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაპარსეს. პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს.