საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ BB დონეზე დატოვა, ხოლო, რაც შეეხება პერსპექტივას, ის სტაბილურიდან ნეგატიურამდე შეამცირა.
ამასთან, სარეიტინგო სააგენტო მკვეთრად გაზრდილი პოლიტიკური რისკის ფაქტორსაც გამოყოფს და აღნიშნავს, რომ პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
"პოლიტიკური რისკები, სავარაუდოდ, დარჩება ძალიან მაღალი, რაც გამოიხატება ფართო პროტესტითა და სამართლებრივი გამოწვევებით. გაჭიანურებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა შეიძლება შეარყიოს ინსტიტუციური ჩარჩო და გავლენა მოახდინოს ინვესტორებისა და შიდა ნდობაზე, მოახდინოს ზეწოლა გარე ლიკვიდობასა და გაცვლით კურსზე. საჯარო ინსტიტუტებისადმი ნდობის შესუსტებასთან ერთად, ეს, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს მმართველობის მაჩვენებლებზე", - ვკითხულობთ Fitch-ის ანგარიშში.
Fitch ხაზს უსვამს, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის გადადება მინიმუმ 2028 წლამდე გამოაცხადა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პროტესტი, იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის დაახლოებით 85% ემხრობა ევროკავშირში გაწევრიანებას და მთავრობა კონსტიტუციურადაა ვალდებული, ამ გზას მიჰყვეს.
"ესკალაციის შემთხვევაში, ურთიერთობები დასავლურ ქვეყნებთან შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს, რაც პოტენციურად გამოიწვევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ან მრავალმხრივი დაფინანსების შემოდინების შემცირებას", - აღნიშნულია ანგარიშში.
თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, Fitch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანას ფისკალური მიზნების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული.
"დოკუმენტის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში ფისკალური დისციპლინა კვლავ შენარჩუნდება და ბიუჯეტის დეფიციტი მუდმივად 3%-ზე ნაკლები იქნება, ხოლო ვალის მოცულობა კი – 38%-ის ფარგლებში.
სააგენტო მიიჩნევს, რომ, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანა კვლავ განიცდის სოლიდურ ეკონომიკურ ზრდას. მათი შეფასებით, საშუალოვადიან პერიოდში კვლავ სახეზე იქნება მშპ-ის დადებითი ზრდის ტემპი და იგი 5%-ის ფარგლებში დასტაბილურდება. მიუხედავად მონეტარული სექტორის შედარებით მაღალი დოლარიზაციისა, მონეტარული პოლიტიკა მაინც ეფექტიანია, რაც ბოლო წლებში მიღწეულ დაბალ ინფლაციაში არის გამოხატული. Fitch-ის პროგნოზით, ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში კვლავ მიზნობრივ, 3%-ზე ნაკლები იქნება და 2%-ის ფარგლებში ჩამოყალიბდება.
საკრედიტო სააგენტომ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურზე შეცვალა. რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება, ძირითადად, გამოწვეულია მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შედეგად შექმნილი დაძაბულობისა და არსებული ფონის გამო. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, შიდა პოლიტიკური რისკის შემცირება კვლავ დადებითად იმოქმედებს ქვეყნის სუვერენულ რეიტინგზე", – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.