საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო. მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.
შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
საკონსტიტუციომ განსახილველად მიიღო საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის სარჩელი რუსული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.
საკონსტიტუციოს თანახმად, საქმეზე დაიწყება არსებითი განხილვა, განხილვამდე კი არ დაკმაყოფილდება მოსარჩელეების შუამდგომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების შესახებ.
გადაწყვეტილებაში რამდენიმე მოსამართლის განსხვავებული აზრია, მათ შორის სადავო ნორმების შეჩერების შესახებ გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის.
გადაწყვეტილება სრულად იხილეთ აქ.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმეს განიხილავს პლენუმის შემდეგი შემადგენლობა: მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, ხვიჩა კიკილაშვილი, მანანა კობახიძე, ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ ტუღუში.
რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციოში 4 სარჩელია შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ შესული 4 - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა და 29 აგვისტოს განხილვა დაიწყო. 3-დღიანი განხილვის შემდეგ პლენუმი სათათბიროდ გავიდა.
მოსარჩელეები ითხოვდნენ რუსული კანონის მოქმედების შეჩერებას მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.