ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მე-12 ანგარიში წარადგინა, რომელშიც 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდია მიმოხილული.
მონიტორინგის თანახმად, მართლმსაჯულების სისტემის მთავარი გამოწვევა კვლავ ე.წ. კლანური მმართველობაა.
ორგანიზაციის ცნობით, საანგარიშო პერიოდში ინფორმაციის საჯაროობის კუთხით, მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად დახურულ უწყებად გადაიქცა. საია მიუთითებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის 2023 წელს საჯარო ინფორმაციის მისაღებად გაგზავნილ 8 წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
"ორწლიანი დაგვიანებით, პარლამენტმა არამოსამართლე წევრებად ისეთ კანდიდატებს დაუჭირა მხარი, რომ ამან, პლურალიზმის ნაცვლად, გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებას შეუწყო ხელი. დღემდე სხდომები დებატების და განსხვავებული აზრის გარეშე მიმდინარეობს", - ვკითხულობთ ანგარიშში.
საიას თანახმად, მთავრი გამოწვევა სისტემაში არსებული კორპორატივიზმია. ანგარიშში ნათქვამია, რომ გავლენიანმა მოსამართლეებმა სრულად მოირგეს სისტემა და მისი ძირითადი ორგანო - იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
"მათი სამუშაო გამოცდილებისა და გასაუბრებების გათვალისწინებით, მოლოდინი იმისა, რომ ახალდანიშნული წევრები სისტემაში არსებულ პრობლემაზე ღიად ისაუბრებდნენ, არ არსებობდა, თუმცა მათ შესვლას საბჭოში ჯანსაღი დისკუსიის სივრცეც კი არ გაუჩენია. სამწუხაროა, რომ სრულად დაკომპლექტებული იუსტიციის საბჭოს პირობებში საკითხები დისკუსიის გარეშე განიხილება და სხდომაზე დამსწრეთა ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს", - წერს ორგანიზაცია.
მათივე განცხადებით, კვლავ პრობლემად რჩება საბჭოში ე.წ. თავმჯდომარეების კვოტის არსებობა. ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საბჭოს არჩეული 8 წევრიდან 4 იმავდროულად კოლეგია/ პალატის თავმჯდომარეობას ითავსებდა. ამასთან, აღნიშნავენ, რომ რეგიონებში მდებარე სასამართლოებიდან საბჭოში არცერთი მოსამართლე არ არის წარმოდგენილი, რომლებსაც საშუალება ექნებათ, სხდომებზე რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრონ.
"საანგარიშო პერიოდში კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ საბჭო მის ხელთ არსებულ ბერკეტებს გავლენიანი ჯგუფის გასაძლიერებლად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს. იუსტიციის საბჭომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამწლიან გამოსაცდელ ვადაში დანიშნული მოსამართლე, ნინო გიორგაძე უვადოდ არ გადანიშნა. არსებობდა ეჭვები, რომ ნინო გიორგაძის არდანიშვნა უკავშირდებოდა მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და განსხვავებულ შეხედულებებს, რომელსაც იგი 2021 წლის დეკემბერში კლანის გასაძლიერებლად ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საჯაროდ აფიქსირებდა.
საბჭოს მიერ ჩატარებული კონკურსების მიმართ ნდობის არარსებობის ნათელი მაგალითია ბოლო წლებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატთა მცირე რაოდენობა და ინტერესი. საანგარიშო პერიოდში კვლავ გაგრძელდა გავლენიანი ჯგუფისა და მათთან დაახლოებული პირების როტაცია სისტემაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე. დამოუკიდებელი ინსპექტორის ზურა აზნაურაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის შემდგომ იგი საბჭოს ყოფილმა არამოსამართლე წევრმა შოთა ქადაგიძემ ჩაანაცვლა", - ნათქვამია ანგარიშში.
ვკითხულობთ, რომ გამოწვევად რჩება საბჭოს ფართო და მრავალფეროვანი უფლებამოსილებები, მათ შორის მისი როლი იუსტიციის სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევისას.
"საანგარიშო პერიოდში იუსტიციის საბჭომ მხოლოდ 1 სადისციპლინო სხდომა ჩაატარა. საჩივრების სიმრავლის მიუხედავად, რომელთა უმეტესობაც გაჭიანურებულ მართლმსაჯულებას ეხება, საბჭო არ დგამს ქმედით ნაბიჯებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც დისციპლინური სამართალწარმოების დროში გახანგრძლივების პირობებში ინდივიდუალურ მოსამართლეებზე ზეწოლის ეფექტიანი ბერკეტია", - მიუთითებს ორგანიზაცია.
გარდა ამისა, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამჭვირვალობის კუთხით მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გარდა ორგანიზაციის წერილებზე პასუხის არგაცემისა, საბჭოს ვებგვერდზე არ აუტვირთავს არცერთი სხდომის ოქმი, ასევე, ასევე, 2023 წლის 2 ივნისის მერე არ გამოუქვეყნებია მიღებული გადაწყვეტილებები. კანონით დადგენილ ვადაში საიტზე არ განთავსებულა არცერთი სხდომის თარიღი და დღის წესრიგი. რეგულარულად ხდებოდა მათი შეცვლა/გადადება, დღის წესრიგიდან საკითხების მოხსნა.
გარდა ამისა, საიამ ხელისუფლების მიერ სასამართლო რეფორმის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება შეაფასა.
ორგანიზაცია წერს, რომ საანგარიშო პერიოდში შემუშავებული ყველა საკანონმდებლო ცვლილება ზედაპირული ხასიათის იყო და სისტემაში არსებული რეალური გამოწვევების მოგვარებას არ ემსახურებოდა.