
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეების მონიტორინგის შედეგად, გამოიკვეთა არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.
მათი თქმით, ეს შემთხვევები, თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს: წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას.
საია-ს თანახმად, სისხლის სამართლის წესით დაკავებულმა ათმა დემონსტრანტმა აღნიშნა მათზე დაკავების დროს, ტრანსპორტირებისა თუ განყოფილებაში მიმდინარე არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ.
ასეთ ფაქტებზე მიუთითეს: საბა სხვიტარიძემ, რევაზ კიკნაძემ, ნიკოლოზ კაციამ, ანატოლი გიგაურმა, დავით ხომერიკმა, დავით ლომიძემ, თემურ ზასოხაშვილმა, არჩილ მუსელიანციმ, ანასტასია ზინოვკინამ, მზია ამაღლობელმა.
განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ზემოთ აღნიშნული ათივე პირი კვლავ ციხეში იმყოფება, საიას შეფასებით, კრიტიკულად აუცილებელია ეფექტიანი გამოძიების ჩატარება სწრაფად და სრულყოფილად.