
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს სამართალდარღვევის საფუძვლით საქმის წარმოებისას სახის ამომცნობი კამერების მასობრივ გამოყენებას აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
მათი ცნობით, ეს პრაქტიკა განსაკუთრებით შეინიშნება გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული სამართალდარღვევის საქმეებში.
"როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია. სასამართლო უმეტესად, არ აფასებს, რამდენად კანონიერად მოხდა პირის იდენტიფიცირება და პირს, რომელმაც იდენტიფიცირება მოახდინა, ჰქონდა თუ არა სათანადო დაშვება დაცულ ბაზებთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის შესაბამისად. ეს პრაქტიკა მიზანმიმართულად გამოიყენება როგორც მოქალაქეთა დაშინების, ასევე, აქციის მონაწილეთა სამომავლო ქცევის კონტროლისათვის.
მას ასევე, აქვს ,,მსუსხავი ეფექტი,“ რაც გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის თვითშეზღუდვაში შეიძლება გამოიხატოს. გზის გადაკეტვის საფუძვლით დაწყებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, საიასთვის ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეოების დამუშავებისას ახორციელებს კონკრეტული ადამიანების მიზნობრივ მეთვალყურეობას/თვალთვალს.
კერძოდ, 2025 წლის იანვრის ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ამსახველ ვიდეოზე, რომელიც სამინისტროს მტკიცებულების სახით აქვს წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაფიქსირებულია, როგორ ადევნებენ თვალს კამერით რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ლაივ რეჟიმში. ვიდეოში ჩანს, როგორ მოძრაობს კამერა კონკრეტულად იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გადაადგილდება აქციის მონაწილე შემდგომ კი, როდესაც მოქალაქე დგას ვიდეოსამეთვალყურეო კამერისგან ზურგით და კითხულობს გარკვეულ დოკუმენტს, ამ დროს კადრს აახლოვებს შესაბამისი პირი იმგვარად, რომ სრულად გარჩევადია, თუ რას კითხულობს მოქალაქე.
აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ აქციის მონაწილის გადაადგილების ზედამხედველობა და კონკრეტული კადრების მიახლოება ხორციელდება ლაივ რეჟიმში. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ კამერების მართვა ხდება კონკრეტული პირის/პირების მიერ მექანიკურად. ვიდეო ჩანაწერიდან იკვეთება, რომ კამერების მიახლოებით შესაძლებელია არა მარტო პირების იდენტიფიცირება, არამედ, სხვა ტიპის ინფორმაციების მიღება, მაშინაც კი, როდესაც ეს კონკრეტული ინფორმაცია რაიმე სამართლებრივ კავშირში არაა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან. გაუგებარია, რომელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ვიდეოკამერისგან ზურგით მდგომი საპროტესტო აქციის მონაწილის ხელში არსებული ფურცლების იმგვარად მიახლოება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკვირვება, რომ შესაძლებელი გამხდარიყო არსებული ტექსტის წაკითხვა"- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, საგანგაშია, რომ სამინისტრო ცდილობს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომის ამ ფორმით მოპოვებას.
მათივე შეფასებით, ეს მიზნად ისახავს საპროტესტო აქციის მონაწილეებში შიშის დანერგვას იმისა, რომ სახელმწიფო არამხოლოდ მათ იდენტიფიცირებას მოახდენს და სოლიდურ ჯარიმას დააკისრებს, არამედ უთვალთვალებს კიდეც.
"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენების და პირდაპირ რეჟიმში თვალთვალის ანალოგიური პრაქტიკა შეფასებული აქვს გამოხატვის თავისუფლებასა და პირადი ცხოვრების უფლებებში ჩარევად. სასამართლოს შეფასებით, ამ სახის ტექნოლოგიის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების განხორციელების კონტექსტში, შეუსაბამოა სამართლის უზენაესობის პრინციპით მართული, დემოკრატიული საზოგადოების იდეალებსა და ღირებულებებთან (Glukhin v. Russia, no. 11519/20).
საიას შეფასებით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს შსს-ს მიერ პერსონალური ინფორმაციის უკანონოდ, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე მოპოვებასა და დამუშავებაზე. საიამ გასულ პერიოდშიც მოუწოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რათა შეესწავლა რამდენად განხორციელდა წინასწარ მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება და რამდენად აღირიცხება მონაცემთა მიმართ შესრულებული მოქმედებები, ასევე, რამდენად შეესაბამება მოქმედ კანონს უსაფრთხოების ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რამდენად კანონიერად ხორციელდება სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში დაცულ ინფორმაციაზე სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაშვება და თავსებადია, თუ არა დაშვების დონეები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, სამსახურის შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით"- ნათქვამია განცახდებაში.
საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დროულად და სათანადოდ შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს მასზე ეფექტიანი რეაგირება.