საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს. საია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მას საჯარო პოზიციის გამო დევნის.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული.
"ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე.1 მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა", - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.
"საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ. ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, აქციები იმართება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოთხოვნით: შეასრულოს მაუწყებელმა თავისი ფუნქცია და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მოთხოვნას, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილიც უერთდება", - აცხადებენ საია-ში.
საია-ში ამბობენ, რომ არაკონსტიტუციურია ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენება მისი მიზნებისთვის, აგრეთვე მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მისი საჯარო მანდატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პოზიციას ან დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.
"ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში, სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა მაუწყებლის თავისუფლებაში დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით, რასაც საქართველოს შემთხვევაში ვერ ვხედავთ, ხოლო, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული რეპრესია ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ამასთან, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ შექმნან გარემო, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოჩინდება როგორც ინფორმაციის გავრცელების სანდო წყარო, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და დააკმაყოფილებს ეთიკისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს, თუმცა, განსაკუთრებით მიმდინარე აქციებისა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ როლს არ ასრულებს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით, თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება ქართულ ოცნებას", - ნათქვამია განცხადებაში.
4 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა თქვა, რომ 18:00 საათიანი მოამბის წამყვანი აღარ არის.
მისი თქმით, მენეჯმენტმა აცნობა, რომ 4 თებერვლიდან - "არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ დაევალება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება".
მისივე თქმით, მენეჯმენტმა ამის მიზეზად დღევანდელ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე მოამბის პროდიუსერების განცხადება დაასახელა, რომლებმაც დღეს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან მუშაობის გაგრძელებაზე უარი განაცხადეს.
30 იანვარს მოამბის ტელეწამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე არხის სარედაქციო დამოუკიდებლობის პრობლემებზე ისაუბრა. მან თქვა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობაზე გავლენა ვასილ მაღლაფერიძეს აქვს.