საია: ოცნების კანონპროექტების მიზანი ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა

საია: ოცნების კანონპროექტების მიზანი ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქართული ოცნების მიერ არალეგიტიმურ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტებს ეხმიანება და ამბობს, რომ მათი მიზანი ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა.

საიას თქმით, ქართული ოცნების მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, რაც ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლადდაფუძნებული პარტიების საქმიანობას

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (“საია”) ეხმიანება 26 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტში რეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა“ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონებში ცვლილებების შეტანას.

საია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ერთპარტიული პარლამენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოშორება, ბოლოდროინდელი რიტორიკისა და პროპაგანდის გაძლიერება, ჯანსაღი ოპოზიციის გრძლევადიანი განადგურება და ქვეყანაში ერთპარტიული, ავტორიტარული მმართველობის დამყარებაა.

ცვლილებები ეწინააღმდეგება პლურალისტური დემოკრატიის პრინციპს და არაპროპორციულად ზღუდავს არა მხოლოდ არსებული, არამედ მომავალში ახლადდაფუძნებული პარტიების საქმიანობას. გარდა ამისა, ბუნდოვანი საკანონმდებლო კრიტერიუმებისა და პოლიტიკური გავლენების მქონე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის შეუზღუდავი ინტერპრეტაციის საშუალებით, ცვლილებები მიმდინარე პოლიტიკურ მოცემულობაში გამოიწვევს ოპოზიციური პარტიების დასუსტებას, მომავალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბებისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და საბოლოოდ, გაუქმებას.

თანამედროვე თავისუფალი დემოკრატიული წესრიგი სხვა ღირებულებებთან ერთად მოიცავს მრავალპარტიულობას, პოლიტიკურ პლურალიზმსა და პარტიათა თანასწორობას.

1 დემოკრატიაში განსხვავებული იდეოლოგიების, შეხედულებების მქონე პოლიტიკური აქტორების - პარტიების არსებობა პოლიტიკური პლურალიზმის შეუცვლელი მოცემულობაა. პოლიტიკური პარტიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მის საქმიანობაში ჩარევა, მისი გაუქმება და აკრძალვა დემოკრატიის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიული წესრიგი ასევე იცნობს პარტიების აკრძალვის შესაძლებლობასაც, კერძოდ, იგი ე.წ. „თავდაცვითი დემოკრატიის“

2 შემადგენელი ნაწილია, პარტიის საქმიანობის რაიმე სახით შეჩერება ყველაზე სახიფათო საკითხია. იგი ავტომატურად იწვევს აკრძალული პარტიის მიერ პოლიტიკურ საქმიანობის შეჩერებას, არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობას, ამომრჩეველთან ურთიერთობის შეუძლებლობას და ა.შ. „ვენეციის კომისიის“ შეფასებით, პოლიტიკური პარტიის აკრძალვა არის უკიდურესი ღონისძიება და იგი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული.

3 ამისათვის დემოკრატიულ სახელმწიფოებში საკმაოდ მაღალი სტანდარტები უნდა მოქმედებდეს, მათ შორის, საკითხს წყვეტდეს მიუკერძოებელი სასამართლო შესაბამისი დასაბუთებით, პროცესი კი პოლიტიკისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესაძლებლობა გავრცელდება ისეთ პარტიებზე, რომლებიც არსებითად იმეორებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს ან/და საქმიანობის არსს. აღსანიშნავია, რომ პარტიის „საქმიანობის არსში“ იგულისხმება ასევე პარტიის პერსონალური შემადგენლობაც, მათ შორის, საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი პარტიული სიის შემადგენლობა. თუმცა, პარტიის პერსონალური შემადგენლობის მსგავსება უკვე გაუქმებულ პარტიასთან ავტომატურად არ ნიშნავს მათ იდენტურობას — მსგავსების დასადგენად დამატებითი გარემოებებია საჭირო.

ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში ზუსტდება სარჩელის განხილვის ვადები: სასამართლოს ორდინალურ პირობებში ექნება 9 თვიანი, ხოლო საარჩევნო პერიოდში 14 დღიანი განხილვის ვადა. მოქმედი რედაქციით, პარტიის აკრძალვა საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

4 კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა სტანდარტულად 9 თვეს შეადგენს5. წარმოდგენილი ცვლილებებით კანონმდებლობაში შემოდის ე.წ. „მემკვიდრე“ პარტიების აკრძალვის შესაძლებლობა, რომლის საქმიანობა ფაქტობრივად იმეორებს მისი წინამორბედი პარტიის საქმიანობას. აშკარაა, რომ პარტიების გაუქმების ინიციატივა ემსახურება პოლიტიკური ველის გასუფთავებას, ოპონენტების ჩამოშორებასა და ანტი-დემოკრატიული პროპაგანდის გაძლიერებას.

იმ პირობებში, როდესაც „ქართულ ოცნებას“ მიტაცებული აქვს ფაქტობრივად ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო, მოსალოდნელია, რომ იგი მარტივად, ყოველგვარი აუცილებელი სამართლებრივი დასაბუთების, ფაქტობრივი მტკიცებულებების წარმოდგენისა და გაერთიანების თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის გარეშე მოახერხებს პარტიათა საქმიანობის აკრძალვას და პოლიტიკური სპექტრის განადგურებას. ე.წ. „მემკვიდრე პარტიების“ საქმიანობის აკრძალვა და მისი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობა სამომავლოდ გამოიწვევს პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის შეზღუდვას.

საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შეუზღუდავი ინტერპრეტაციის შესაძლებლობითა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაყრდნობით, უფლებამოსილი იქნება „მემკვიდრე პარტიის“ ქოლგის ქვეშ საქმიანობა აუკრძალოს ისეთ ახალ პარტიას, რომელიც, მართალია ამ ცნების ქვეშ არ ექცევა, თუმცა მმართველი პარტიის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელია. მათ შორის, ინტერპრეტაციის რისკი არსებობს „მემკვიდრე პარტიის“ კრიტერიუმების განსაზღვრისას, თუ ვის მიიჩნევს და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სასამართლო აკრძალული პარტიის მემკვიდრედ. კანონი პირდაპირ ახსენებს პარტიის „პერსონალურ შემადგენლობას“, რაც არამხოლოდ პარტიის, არამედ, ასევე, კონკრეტული პირების დევნის ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.

გარდა ამისა, განსაკუთრებით საეჭვოა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პარტიის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის სრულყოფილი და სამართლიანი პროცესის წარმართვა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მას ამისთვის მხოლოდ 14 დღე ექნება. როგორც აღინიშნა, პარტიის აკრძალვა იმდენად კომპლექსური და მრავალმხრივი საკითხია, გადასაწყვეტად აუცილებელია გონივრული ვადა, რათა ზუსტად, სრულად და სამართლიანად შეფასდეს ყველანაირი მტკიცებულება, მოისმინონ მხარეები და მხოლოდ სათანადო განხილვისა და მსჯელობის შემდეგ მიიღონ ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება",- ნათქვამია განცხადებაში.