საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე შეფასებას აქვეყნებს.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 23 სექტემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლაზე იშუამდგომლა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
საიაში ამბობენ, რომ საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ არის პატიმრობის შეფარდებისთვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, რადგან აბსტრაქტულად არის შეფასებული საფრთხეები და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა.
"საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო სხდომა თვენახევრის შემდგომ - 11 ნოემბერს ჩანიშნა. მოსამართლემ სხდომის დიდი დროით გადადების მიზეზად, ოქტომბერში ამნისტიას დაქვემდებარებული საქმეების მოლოდინი და წარმოებაში არსებული არაერთი საქმე დაასახელა, რომელთაც განხილვის ვადებთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის დროისათვის, 23 სექტემბრის მონაცემებით, კანონი ამნისტიის შესახებ ჯერ ძალაში არ არის შესული, შესაბამისად, გაურკვეველია მოსამართლის მიერ ამ საქმეებისთვის პრიორიტეტის მინიჭების კანონისმიერი საფუძვლები. საიას 13 წლიანი სასამართლო მონიტორინგი, ასევე, ცხადყოფს, რომ საქმეთა გაჭიანურებას, სხვა მიზეზებს, შორის, სწორედ, სხდომების დაგვიანებით დაწყება ან/და გადადება იწვევს, რაზეც სასამართლო ყოველთვის ადეკვატურად ვერ რეაგირებს", - ნათქვამია განცხადებაში.