საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს დაზარალებული მოქალაქის მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დააკისრა.
კერძოდ უწყებას დაევალა მორალური ზიანის ანაზღაურება 30 000 ლარის ოდენობით, ასევე შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1155 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.
ორგანიზაციის განცხადებით მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის დარბევისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მოხვდა მას რეზინის ტყვია თვალ-წარბის არეში. მხედველობის დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა რამდენიმე სამედიცინო პროცედურა. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანება მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება თითქმის 2,5-წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
"ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი. ამასთან, ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არაა ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. აღსანიშნავია ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩოს ოდენობის და მისი ფარგლების ნაწილშიც", - აცხადებენ საია-ში.